წიგნები

ელექტრონული წიგნი - ევროკავშირის რეგიონული საინოვაციო პოლიტიკა და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა

წინასიტყვაობა

უწყვეტი განათლების (ზრდასრულთა განათლების) კონცეფცია თანამედროვე დინამიურად ცვალებად მსოფლიოში განვითარების გარანტიას წარმოადგენს. იგი განვითარების პროცე­სებ­ში ყველა ასაკობრივი ჯგუფის ჩართულობას უზრუნველყოფს. ის განსაკუთრებით ღირე­ბუ­ლია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, სადაც გადამზადების პროცესი მრავალი მიმართულებითა და მაღალი ინტენსიობით უნდა მიმდინარეობდეს, რათა მოსახლეობა უკეთ ჩაერთოს მისთვის ახალი, დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში. ექვსი ასეთი ქვეყანა (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მონაწილეობს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრა­მაში. მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის სურვილს გამოთქვამს, რაც მოითხოვს მოსახლეობის ყველა ჯგუფის ევროკავშირის მოწყობის საკითხებში გაცნობიერებას.

ამ თვალსაზრისით, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებისთვის, ევროკავშირის მხრიდან დახმარების სხვა მექანიზმებთან ერთად, ეფექტურია ჟან მონეს პროგრამა (Jean Monnet Programme), რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის უწყვეტი განათ­ლების პროგრამის საერთაშორისო შტოს. იგი ეხმარება მსოფლიოს ქვეყნებს ევროკავშირის შესწავლაში და ამ ქვეყნების მოსახლეობის ინფორმირებას ევროკავშირში მიმდინარე პროცესების შესახებ. პროგრამა უპირველეს ყოვლისა, მიმართავს უნივერსიტეტების პროფესორებსა და მკვლევარებს, როგორც ევროკავშირის შესახებ ცოდნის მულტიპლიკა­ტორებს. მათი მეშვეობით მას ეცნობიან სტუდენტები და საზოგადოების ფართო წრეები. ჩვენ შემთხვევაში ჟან მონეს პროგრამამ მხარი დაუჭირა ჯერ პროექტს „ევროკავშირის საინოვაციო პოლიტიკის შესწავლის გაუმჯობესება საქართველოში“ (Improvement of the European Innovation Policy Study in Georgia) (2009), ხოლო შემდეგ პროექტს „ევროკავშირის რეგიონული საინოვაციო პოლიტიკა, როგორც მოდელი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნის რეგიო­ნებისთვის” (EU Regional Innovation Policy as a model for Easter Partnership Country Regions) (2013). პირველ პროექტში განხილული იყო საინოვაციო პოლიტიკა და მისი ინსტრუმენ­ტები მთლიანობაში. მისი ადრესატები იყვნენ ეროვნულ დონეზე საინოვაციო პოლიტიკით დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფები. ამ პროექტმა დასაბამი მისცა საქართველოში საინოვაციო პოლიტიკის მიმართულებით ევროპულ კვლევებს და ხელი შეუწყო  საინოვაციო პოლიტიკის მიმართ ინტერესის ზრდას.

წინამდებარე გამოცემა მომზადდა მეორე პროექტის ფარგლებში. განსაკუთრებული მნიშვნე­ლო­ბა ენიჭება იმ გარემოებას, რომ იგი განხორციელდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ საინოვაციო პოლიტიკა განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად აღიარა. ამავე დროს, გაჩნდა საქართველოს რეგიონებში ინოვაციური განვითარების იდეების გაცნობი­ერების აუცილებლობა. ამდენად, წინამდებარე გამოცემის ადრესატები არიან რეგიონული ხელისუფლება (თვითმმართველობები და შესაბამისი სამსახურები), უნივერსიტეტები და კვლევითი ორგანიზაციები, მეწარმეთა და ფერმერთა გაერთიანებები, სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო სამსახურები და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი პირველად წარადგენს ჟან მონეს პროგრამას საქართველოს რეგიონებში.

საინოვაციო პოლიტიკა ევროკავშირში სოციალური და ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ინსტრუმენტია. აქედან გამომდინარე, საქართველომ (და ყველა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყანამ) უნდა შეისწავლოს ევროკავშირში არსებული საინოვაციო პოლიტიკის ინსტრუმენტები და შემდეგ თანდათან აითვისოს. აქამდე ყურადღების ძირითადი საგანი იყო საერთოევროპული საინოვაციო პოლიტიკა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პოლიტიკა და შესაბამისად, მიზნობრივი აუდიტორიაც ხელისუფლების ცენტერალური რგოლების წარმომადგენლები, ეროვნული მასშტაბით მომუშავე ორგანი­ზა­ციები და მეცნიერთა/პრაქტიკოსთა ჯგუფები იყვნენ. ეს მიმართულება, რასაკვირველია, ახლაც გრძელდება.

ევროკავშირის საინოვაციო პოლიტიკის კიდევ ერთი უმთავრესი შემადგენელი, საერთოევროპულ და ეროვნულ პოლიტიკასთან ერთად, რეგიონული საინოვაციო პოლიტიკაა. მასთანაა დაკავშირებული ევროკავშირის ცალკეული რეგიონების (ქვეყნის შიგნით არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების) განვითარებაში არსებული განსხვავებების აღმოფხვრა, ქალაქისა და სოფლის სოციალურ-ეკონომიკური პირობების დაახლოება, სიღარიბის დაძლევა და სხვა. მისი მიზანი მსოფლიო დონეზე კონკურენტუნარიანი რეგიონების წარმოქმნაცაა. დადგა დრო, რომ ეს პოლიტიკა უფრო ღრმად იყოს შესწავლილი საქართველოში და ეს ცოდნა ფართოდ გავრცელდეს მის რეგიონებში. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირში მოქმედი რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) პირობებში ერთნაირად არ გამოიყენება. საჭიროა ინსტრუმენტების კრიტიკული შეფასება. ამას, ერთი მხრივ, ჭირდება იმის კარგი ცოდნა, თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი, რომლისკენაც ვისწრაფვით, ხოლო, მეორე მხრივ, იმის მკაფიო წარმოდგენა, თუ რა ამოცანები დგას საქართველოს წინაშე ინოვაციური განვითარების სფეროში. აღსანიშნავია, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის ფრიად საინტერესოა იმ ინოვაციების გაცნობა, რომელიც ევროპაში ან მსოფლიოში ინოვაციას უკვე აღარ წარმოადგენს, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებისთვის.

წინამდებარე გამოცემაში განსაკუთრებითაა ხაზგასმული ყოფილი სოციალისტური ქვეყნების - ამჟამად ევროკავშირის წევრების და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების - რეგიონული ინოვაციური განვითარების გამოცდილება. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის ეს გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია. წინამდებარე გამოცემაში წარმოდგენილია მასალა, რომელიც აღწერს აღმოსავლეთის პარტნიო­რობის ქვეყნებისთვის უმნიშვნელოვანეს სოციალურ და ტექნიკურ ინოვაციებს, რომელიც ევროკავშირს უკვე გავლილი აქვს. ესენია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ადგილ­წარმოშობის ნიშნების გამოყენება და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. მთლიანობაში, გამოცემის ამოცანაა ხელი შეუწყოს მკითხველს რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის არსის და მისი განხორციელების ინსტრუმენტების გაცნობასა და საფუძვლიან შესწავლაში.

წინამდებარე გამოცემის და მასში მოცემული მასალის წარდგენა და პრეზენტეცია განხორციელდა ბათუმის, თელავისა და ქუთაისის უნივერსიტეტებში ორგანიზებულ სემი­ნარებზე იმ მიზნით, რომ სწორედ უნივერსიტეტები უნდა გახდნენ რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშემწყობი ინტე­ლექტუალური ცენტრები, რომელთაც რეგიონული ხელისუფლება დაეყრდნობა. უნივერსი­ტე­ტებმა უნდა მოამზადონ სპეცია­ლის­ტები, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის ინოვაციურ განვითარებას და რომლებიც ჩაატარებენ ასეთი განვითარების რელევანტურ კვლევებს. ეს მიდგომაც სრულად პასუხობს ევროკავშირის საინოვაციო პოლიტიკის საფუძვლებს.

ასოციაცია „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“ მადლობას უხდის ევროკომისიას, განსაკუთრებით კი ჟან მონეს პროგრამის ჯგუფს ჩატარებული სამუშაოს მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუძღვნით ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს ალიოშა ბაკურიძეს, თელავის უნივერსიტეტის რექტორს ავთანდილ ღელაღუტაშვილს, ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ღავთაძეს, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს ნათია წიკლაშვილს, ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს შალვა კირთაძეს, თელავის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნელი ცქიტიშვილის, აგრეთვე ბათუმის, თელავისა და ქუთაისის უნივერსიტეტების თანამშრომლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. 

უკან
მიმაგრებული ფაილი
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".