ღონისძიებები

ო. შატბერაშვილი - კვლევის, შემუშავებისა და ინოვაციის პოლიტიკა: წინადადებები და რეკომენდაციები

2017 წლის 6 აპრილს ტექინფორმში ჩატარდა სემინარი თემაზე: კვლევის, შემუშავებისა და ინოვაციის პოლიტიკა: წინადადებები და რეკომენდაციები. მომხსენებელი - ოლეგ შატბერაშვილი - ასოციაცია ESIDG-ის პრეზიდენტი. სემინარს ესწრებოდნენ ტექინფორმის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შესაბამისი სამოქმედო გეგმები, გარდა ცალკე თავისა „თანამშრომლობა კვლევის, ტექნოლოგიის განვითარების და დემონსტრაციის სფეროში“, შეიცავს იგივე საკითხებს ჩართულს თავებში: ტრანსპორტი; გარემო; წარმოება და წიაღისეული; სოფლის მეურნეობა; თევზჭერა და ზღვაოსნობა და ა.შ. თავებში ვაჭრობა, ეკონომიკური კოოპერაცია მოითხოვება კვლევითი მომსახურების განვითარება. აქედან გამომდინარეობს არა მხოლოდ მიზანშეწონილობა, არამედ ვალდებულება განვავითაროთ ეროვნული საინოვაციო სისტემა. მოყვანილია აღმოსავლეთის პარტნიორობის არასამთავრობო ორგანიზაციათა ეროვნული პლატფორმის მიერ ორი წლის წინ ამ მიმართულებით მომზადებული რეკომენდაციები და გაანალიზებულია მათი შესრულება.

ნაჩვენებია, რომ არაა შესრულებული რეკომენდაციები ეროვნული კვლევითი სისტემის გაძლიერებისა და საინოვაციო საქმიანობის აღრიცხვის დაწესების მიმართულებებით. განსაკუთრებით დიდია საქართველოს ჩამორჩენა დარგობრივი კვლევების სფეროში. მაგალითად, კვების მრეწველობაში კვლევითი ინტენსიობა 35-ჯერ ჩამორჩება საშუალო ევროპულ დონეს, მშენებლობაში - 23-ჯერ და ა.შ. მკვეთრად გასხვავდება ევროპულისგან მეცნიერების ინსტიტუციონალური მოწყობა. ამ საკითხის მოწესრიგებისთვის იხილება ირაციონალური სქემები, რომლებიც არ ეყრდნობიან არც ევროპულ და არც მსოფლიო პრაქტიკას.

საქართველოში ითვლება, რომ ჩვენ არ გვყავს მაღალკვალიფიციურ მეცნიერთა საკმაო რაოდენობა, საჭირო ეროვნული კვლევითი სისტემის რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. მოხსენებაში ნაჩვენებია, რომ ჩვენ მინიმუმ 1,000 ასეთი მეცნიერი გვყავს, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი მუშაობს საქართველოში, ხოლო ნახევარი - უცხოეთში. მოყვანილია ამ მეცნიერთა განაწილება დისციპლინების მიხედვით. პრობლემა ამ მეცნიერების გამოვლენასა და დაწინაურებაშია, რაც მთლიანად იგნორირებულია.

განხილულია საქართველოს ეროვნული კვლევითი სისტემის მაკრომონაცემები, რომელსაც საერთაშორისო დონორების ანგარიშები შეიცავენ (WB, EBRD, EU FP7 და Horizon2020 პროექტები და სხვა). ნაჩვენებია, რომ ისინი რეალისტურად ასახავენ შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ არ შეიცავენ საქართველოს მთავრობისთვის მკაცრ რეკომენდაციებს მდგომარეობის გამოსწორების თაობაზე.

ბოლოს, მოყვანილია ახალი რეკომენდაციები, პირველ რიგში ისეთი, რომელიც არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს ან სულაც არ მოითხოვს დანახარჯებს, მაგრამ მოგვცემს დიდ ეფექტს. მაგალითად: კვლევითი ინსტიტუტების იურიდიული პირის სტატუსის აღდგენა, რაც მისცემს მათ ეფექტური მუშაობის საშუალებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პროგრამებში; სამეცნიერო საქმიანობის აღრიცხვის ეროვნული სისტემის აღდგენა, რაც მოგვცემს კვლევითი რესურსების განაწილების რეალურ სურათს; ეროვნული კვლევითი სისტემის წინაშე კონკრეტული, საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებული ამოცანების დასმა (მეცნიერებთან ერთად შემუშავებული); კვლევის, შემუშავებისა და ინოვაციის სფეროს მართვის ერთ უწყებაში მოქცევა (ევროპული მოდელის შესაბამისად); ქვეყნის ინოვაციური განვითარების სტრატეგიის დამტკიცება; კვლევისა და ინოვაციის შესახებ ახალი კანონის მიღება, რომელშიც ამ საქმიანობის ყველა მხარე იქნება დაბალანსებული და ბოლო ორი ათეული წლის შეცდომები გათვალისწინებული.

აღნიშნული სემინარი შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".