ღონისძიებები

საერთაშორისო სემინარი „რესურსების ეფექტიანი გამოყენება და გარემო - შავი ზღვის რეგიონის გამოწვევები“

22 მარტი 2016

რესურსების ეფექტიანი გამოყენება და გარემო - შავი ზღვის რეგიონის გამოწვევები: რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და გარემოს სფეროებში ევროკავშირსა და შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის სამეცნიერო-ტექნიკური კოოპერაციისთვის მიზანშეწონილი მიმართულებების დადგენა (წყლის სისტემებთან მიმართებაში)“.

ასოციაციამ ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის (ეკსიგ) უმასპინძლა საერთაშორისო სემინარს (მრგვალ მაგიდას) „რესურსების ეფექტიანი გამოყენება და გარემო - შავი ზღვის რეგიონის გამოწვევები: რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და გარემოს სფეროებში ევროკავშირსა და შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის სამეცნიერო-ტექნიკური კოოპერაციისთვის მიზანშეწონილი მიმართულებების დადგენა (წყლის სისტემებთან მიმართებაში)“. სემინარი ორგანიზებული იყო ევროკავშირის Horizon 2020 პროგრამის Black Sea Horizon პროექტის ფარგლებში 2016 წლის 22 მარტს. საკონტაქტო პირი: ზოია ნაცვალაძე, zoia.natsvaladze@yahoo.com

სემინარის მიზანი იყო კვლევის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის მიმართულებით ერთობლივი ინტერესის გამომწვევი პერტინენტული თემატიკის განხილვა და გამოვლენა Horizon 2020-ს შემდგომ ეტაპებზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის უზრუნველმყოფელი კონკურსების გამოსაცხადებლად შემდეგი მიმართულებებით:

  • მდინარეების აუზები შავი ზღვის რეგიონში (ეკოლოგიური მდგომარეობა, მორფოლოგია, ადამიანების ზეგავლენა, წყლის ხარისხი);
  • სანაპირო ზონები (მორფოდინამიური ცვლილებები, დეგრადაცია, სტაბილობა, ტექნოგენეზთან დაკავშირებული მორფოდინამიური ცვლილებები სანაპირო ზონებში და მათი გავლენა ნაპირების დეგრადაციასა და სტაბილობაზე);
  • სანაპირო ზონებში მასალების მოპოვების ეკოლოგიური გავლენა შავი ზღვის რეგიონზე (წყალთან კავშირი, წყლის აუზებზე და სისტემებზე ეკოლოგიური ზეგავლენა).

მომხსენებლები იყვნენ ცნობილი მეცნიერები ევროკავშირის, Horizon 2020-ში ასოცირებული და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან, რომელთა გამოვლენა მოახდინეს Black Sea Horizon პროექტის კონსორციუმის წევრებმა (გამოვლენა ხდებოდა სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ბიბლიოგრაფიული ანალიზით SCOPUS-ის ტიპის ინსტრუმენტების გამოყენებით). სულ წარმოდგენილი იყო 11 ქვეყანა (აზერბაიჯანი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა და უნგრეთი).

სემინარი გახსნა ოლეგ შატბერაშვილმა, ეკსიგ თავმჯდომარემ.

მონაწილეებს მიესალმნენ:

  • პარლამენტის სახელით - თემურ მაისურაძე, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე;
  • მთავრობის სახელით - თამაზ მარსაგიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

დ-მა ჯეორჯია ჩანციმ (Georgia Chantzi), მკვლევარმა, (International Centre for Black Sea Studies – ICBSS, საბერძნეთი) და დ-რმა ანა პიკალოვამ (Anna Pikalova) (High Scool of Economics, Moscow) წარმოადგინეს მთლიანად Black Sea Horizon პროექტი: შავი ზღვის ქვეყნებს შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის პრიორიტეტების დადგენა“.

ბრიტანელმა პროფესორმა მიქაელ შულცმა (Michael Schultz), (უფროსი მრჩეველი, Romanian National Research and Development Institute for Marine Geology and Geoecology (GeoEcoMar)) და პროფესორმა ადრიან სტანიკამ (Adrian Stănică) (სამეცნიერო დირექტორი, GeoEcoMar, რუმინეთი), წარმოადგინეს DANUBIUS-RI პროექტი, რომლის მიზანია ახალი, სრულიად ევროპული კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნა მსხვილი „მდინარე-ზღვა“ სისტემების ინტერდისციპლინარული შესწავლისთვის.

დ-მა ჰრისტო სტანჩევმა (Hristo Stanchev) (ოკეანოლოგიის ინსტიტუტი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, ბულგარეთი) აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის კვლევითი და პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანიზაციები სანაპირო ზონაში პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, მართვას და ანალიზს აწარმოებენ განსხვავებული სტანდარტები­თა და განმარტებებით, უმნიშვნელო კოორდინაციის პირობებში ან კოორდინაციის გარეშე.

შავიზღვისპირეთის ქვეყნებში შეშფოთების ძირითადი საკითხი - ნაპირის ეროზია, სანაპირო ზოლის რეცესია, გამოწვეული როგორც გლობალური და ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენული ფაქტორებით - იყო განიხილვის საგანი დოქტორ ვახტანგ გვახარიას (სამეცნიერო-კვლევითი ფირმა გამა კონსალტინგი/ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი, საქართველო) პრეზენტაციაში. მან ტექნოგენეზთან დაკავშირებული ცვლილებების განვითარება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს რამდენიმე ზონაში განიხილა: მდ. ენგური - მდ. ხობი; ფოთის პორტი - მდ. სუფსა; მდ. ნატანები - მდ. ქობულეთი; ციხისძირი - მწვანე კონცხი - ბათუმის პორტი; მწვანე კონცხი - მახინჯაურში - ბათუმის პორტი, ბათუმის კონცხის სამხრეთით. მან განიხილა თითოეულ ზონაში ეროზიის თავისებურებანი.

ამ პრეზენტაციას მოჰყვა დ-რ ირაკლი პაპაშვილის (ზღვის კვლევის ჯგუფის ლიდერი, გამა კონსალტინგი, საქართველო) მოხსენება, რომელშიც შემოთავაზებული იყო შავი ზღვის სანაპიროს დეგრადაციის შეწყვეტისა და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის საშუალებები.

დოქტორმა გიორგი ლომინაძემ და დოქტორმა . ყავლაშვილმა (ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი)  დამსწრეთ გააცნეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდინარეების დელტების განვითარების თავისებურებები. მათ აღნიშნეს, რომ მე-20 საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ სერიოზული სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა.

დ-რმა ქრისტოს იოკამიდისმა (Christos Ioakeimidis) (საბერძნეთის საზღვაო კვლევების ცენტრი (HCMR), ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი, საბერძნეთი) ახსნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვთ საფრთხეების შემცირებისთვის ევროკავშირის FP7 პროგრამის PERSEUS კვლევითი პროექტის შედეგებს. PERSEUS (სამხრეთ ევროპის ზღვებში საზღვაო გარემოს პოლიტიკაზე ორიენტირებული კვლევა) პროექტმა დიდი ყურადღება დაუთმო შავი ზღვის რეგიონში არა მხოლოდ მთავარი ზეწოლების იდენტიფიცირებას (მაგ. ეუტროფიკაციის, დაბინძურების, არა-ადგილობრივი სახეობების, საზღვაო გარემოზე პორტების ზემოქმე­დე­ბის, ზღვის ნაგვის და ა.შ.), არამედ ამ ზეწოლების შესაბამისი პოლიტიკური ღონისძიებების შემუშავებას, რომელთა მიზანია გაუწიონ დახმარება პოლიტიკოსებს სამხრეთ ევროპის ზღვებში საზღვაო სტრატეგიის დირექტივის (MSFD) განხორციელებაში. დ-რ ქრისტოს იოკამიდისმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზღვის ნაგავზე, როგორც იმის ნათელ მაგალითზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ინფორმაცია ისეთ საკითხზე, რომლის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა და რაშიც საზოგადოება ფართოდ უნდა ჩაერთოს.

კიდევ ერთი FP7 პროექტის - DANCERS-ს - შედეგები, როგორც BSH პროექტის შემდგომ ეტაპებზე სახელმძღვანელო ორიენტირები წარმოდგენილი იყო პროფ. ადრიან სტანიკას (Adrian Stănică) პრეზენტაციაში. თემების დიდ ნაწილს, რომელიც სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგი (SRIA) ფარგლებში იყო შემუშავებული DANCERS პროექტში მდინარე დუნაი - შავი ზღვის სისტემისთვის, შეიძლება ჰქონდეს რეგიონული მნიშვნელობა - ყველა მდინარე - ზღვის სისტემებისთვის შავი ზღვის გარშემო.

აკადემიკოსმა გენადი მატიშოვმა (Gennady Matishov) (თავმჯდომარე, სამხრეთ სამეცნიერო ცენტრი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) მონაწილეთა ყურადღება გაამახვილა აზოვის ზღვის - შავი ზღვის აუზის თავისებურებებზე, რომლებიც სხვა მკვლევართა ყურადღების მიღმა რჩება ან ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება შავი ზღვის სხვა ზონებთან შედარებით. მან ისაუბრა ყინულის მდგომარეობაზე შავსა და აზოვის ზღვებში, სეისმურ რეგიონში უსაფრთხოებაზე, ავარიების რისკზე (გოგირდწყალბადით მდიდარ წყალში ნავთობის დაღვრა, დივერსიები, ტერორისტული შეტევები), მიწისძვრებზე, სამრეწველო ავარიებზე, კოროზიაზე, მარილიანობის გრძელვადიან განაწილებაზე.

დ-რ გიულსენ ავაზის (Gulsen Avaz) (მარმარა კვლევითი ცენტრი, გარემოს დაცვის ინსტიტუტი, TUBITAK, გებზე, თურქეთი) მოხსენების თემა იყო თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ არსებული ეკოლოგიური ცხელი წერტილების (ლაქების) განსაზღვრა და Hot Black Sea პროექტი. ცხელი ლაქები (შეზღუდული ზომის შემოსაზღვრული ზედაპირული წყლის მონაკვეთი ან წყლის შემცველი ფენა, რომელიც გადაჭარბებულად ბინძურდება) შესწავლილი იყო SINHA PROJECT-ს (2008-2011) ფარგლებში. ამჟამად Hot Black Sea პროექტი განუყოფელი ნაწილია შავი ზღვის რეგიონში გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე პოლიტიკების ჰარმონიზაციის საერთო პროცესისა.

აკადემიკოსმა ვლადიმერ იემელიანოვმა (Vladimir Iemelianov) (პირველი ვიცე-მთავარი სწავლული მდივანი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია) განიხილა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების გარდამავალ ზონებში „ხმელეთი-ზღვა" ბუნებრივი და ბუნებრივ-ეკონომიკური სისტემების დინამიკის საწინასწარმეტყველო მოდელების გაუმჯობესების საკითხები. მან წამოაყენა რიგი თემებისა, რომელიც BSH პროექტის შემდგომ ეტაპებზე უნდა იყოს შესწავლილი: 1) სანაპირო ზონებისა და წყლის ობიექტების ეკოსისტემების განვითარების ტენდენციები და დინამიკა მათი რესურსების ადამიანთა საკეთილდღეოდ გამოყენება; 2) ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა ეკოლოგიური სისტემების სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე შავი ზღვის რეგიონის გარდამავალ ზონებში „ხმელეთი - ზღვა" ქრისტეს შობიდან დღემდე.

დ-რ ვარდან ასატრიანის (ჰიდროეკოლოგიისა და იქთიოლოგიის ინსტიტუტი, მეცნიერე­ბათა ეროვნული აკადემია, სომხეთი) პრეზენტაცია მიეძღვნა სომხეთში ზედაპირული წყლების ხარისხის მონიტორინგის არსებულ მდგომარეობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. სომხეთი მაღალმთიანი ქვეყანაა, ძირითადად სემიარიდული კლიმატით. ამრიგად, ყველა ზედაპირული წყლები დაუცველია კლიმატის ცვლილების მიმართ. ყველაზე დიდი ტბა სომხეთში - სევანის ტბა - არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღალ­მთიანი მტკნარი ტბა მსოფლიოში და ყველაზე დიდი მტკნარი წყლის რეზერვუარი სამხრეთ კავკასიაში. ეს უნიკალური ეკოსისტემა არასტაბილურია მისი წყლის დონის ხელოვნური რყევების გამო.

დ-რმა ვარდან ასატრიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ჰიდრობიოლოგიური მონიტორინგის სისტემა შორს არის ევროკავშირის შესაბამისი WFD სისტემისგან, რომელიც 2000 წელს დაარსდა, და მისი ჰარმონიზაცია ევროკავშირის სტანდარტებთან მთავრობის მიერ აღიარებული ერთ-ერთი სამეცნიერო თემაა.

დ-რ ისლამ მუსტაფაევმა (რადიაციული პრობლემების ინსტიტუტი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აზერბაიჯანი) წარმოადგინა მდინარეების მტკვარი და არაქსი წყალდიდობების გარემოზე ზემოქმედება. ეს წყალდიდობები ისტორიულად მოხდა 150-ჯერ 1900 წელსა და 2003 წელს შორის. საერთო ეკონომიკურმა ზიანმა დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარი შეადგენა. მათი თავიდან აცილებასა და ზიანის მინიმუმამდე დაყვანაზე მხოლოდ 1,5 - 2 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. წარმოდგენილი იყო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ურჩევდა მთავარ დაინტერესებულ მხარეებს (მათ შორის მთავრობას) აუცილებელ ღონისძიებებს წყალდიდობების უარყოფითი გავლენის შესამცირებლად. ეს ღონისძიებები მოიცავს კვლევას, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ მიმართულებით.

დ-რმა ფერენც ჯორდანმა (Ferenc Jordan) (ეკოლოგიური კვლევის ცენტრი, დუნაის კვლევითი ინსტიტუტი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემია) წარმოადგინა კონკრეტული შემთხვევის კვლევა, რომელშიც მდინარის (მდინარე Kelian, ბორნეო) ეკოსისტემა შესწავლილ იქნა რამდენიმე ადგილზე მდინარის გაყოლებაზე კვების ჯაჭვის კვლევის მეთოდოლოგიის გამოყენებით. კვების ჯაჭვის კვლევა ხელს უწყობს ეკოსისტემის შესახებ ნაირგვარი ინფორმაციის ინტეგრირებას და სისტემის სტაბილურობისა და სიჯანსაღის მარტივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებს იძლევა. ამ გზით შეიძლება შესწავლილ იქნას ადამიანის ზემოქმედება სისტემაზე. შეიძლება გაკეთდეს სისტემის პროგნოზები.

დოქტორ ელენე ზუბკოვის (Elena Zubcov) (ჰიდრობიოლოგიისა და ეკოტოქსიკოლოგიის ლაბორატორია, აკრედიტაციისა და ატესტაციის ეროვნული საბჭო, მოლდოვა) პრეზენტა­ციაში აღწერილ იქნა წყლის ეკოსისტემების მრავალი ათწლეულის განმავლობაში ინტეგრი­რე­ბული მონიტორინგი, რომელიც მოიცავს აბიოტურ (მძიმე ლითონები, აზოტის, ფოსფო­რის, პესტიციდების, PCB და ა.შ.) და ბიოტურ (ბაქტერიოპლანქტონი, ფიტოპლან­ქტონი, ზოოპლანქტონი, ზოობენთოსი და თევზის ფაუნა) კომპონენტებს და ეკოტოქსიკო­ლოგიური მდგომარეობის შეფასებას მდინარეებში დნესტრი და პრუტი.

დ-რმა ვალერი შმუნკმა (Valeri Shmunk) (WWF-ს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, რუსეთი) თავის პრეზენტაციაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონში ადგილობრივი თემები და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეები ავლენენ გულგრილობას გადამფრენი ფრინველების პოპულაციის შემცირების მიმართ. შემცირება გამოწვეულია, ძირითადად, ანთროპოგენური ფაქტორებით (შეწუხება, ჰაბიტა­ტის განადგურება, ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის განვითარება, მდინარეებისა და ჭაობების დაბინძურება, დევნა და ა.შ.). ამავე დროს, შავი ზღვის გადაფრენის ვიწრო დერეფანი (flyway bottleneck) მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. იგი, აგრეთვე, უზრუნველყოფს უნიკალურ შესაძლებლობას დავაკვირდეთ აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილო ციმბირის უზარმაზარ ფართობებზე მობინადრე წყალმცურავი ფრინველების, მტაცებელი, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი გადამფრენი სახეობების პოპულაციების ცვლილების ტენდენციებს.

შეაჯამა რა გამართული დისკუსიები, პროფ. ადრიან სტანიკამ დაასკვნა შემდეგი. მომხსენე­ბელ­თა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ: ა) საჭიროა შავი ზღვის რეგიონში წყლის აუზების­თვის შექმნილი ბუნებრივი და ანტროპოგენული რისკების უფრო ღრმა ცოდნა; ბ) ეს მოითხოვს უფრო ინტენსიურ და ერთობლივ კვლევას - როგორც ფუნდამენტურს, ასევე გამოყენებითს; გ) საჭიროა რეგიონული მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება; დ) საკვანძო საკითხებია მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და გამოყენების ჰარმონიზაცია, აგრეთვე წარმატებული მართვის გეგმების მხარდასაჭერად უაღრესად რთული მოდელების განვითარება; ე) საჭიროა შავი ზღვის რეგიონის მოსახლეობის საერთო იდენტურობის აღდგენა და სანაპირო ადგილობრივი თემების უფრო აქტიურად ჩართვა წყალთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში.

პროფ. ადრიან სტანიკამ ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის რეგიონში წყლის სისტემების რესურსეფექტურობასთან და გარემოსთან დაკავშირებული თითქმის ყველა პრობლემა ტრანსნაციონალური (ტრანსსასაზღვრო) ხასიათისაა. აქედან გამომდინარე, მათ გადასაწყვეტად ორმხრივი და მრავალმხრივი კვლევითი თანამშრომლობა შავი ზღვის ქვეყნებს შორის არა მხოლოდ სასურველი, არამედ აბსოლუტურად აუცილებელია. თანამშრომლობა საჭიროა როგორც რეგიონის შიგნით, ასევე ინტერ-რეგიონალურად ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან. საბედნიეროდ, შავი ზღვის ყველა ქვეყანას გააჩნია კვლევითი პოტენციალი ინტერესის სფეროში, რაც ქმნის მყარ პლატფორმას კვლევისა და შემუშავების მიმართულებით მომავალი თანამშრომლობისთვის. 

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".