მისია

ასოციაციის შესახებ

ESIDG პროფილი

ESIDG არის ასოციაცია (CSO), რომელიც დაარსებულია 2009 წლის იანვარში და აერთიანებს კვლევის, შემუშავებისა და ინოვაციის (RDI) სისტემის რეფორმით დაინტერესებულ 60 პროფესორს და მკვლევარს მრავალი უნივერსიტეტიდან, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციიდან. ESIDG საქმიანობის მიზნებია:

  • ევროკავშირის RDI სტრატეგიების შესწავლა და შედეგების გამოყენება საქართველოში,
  • RDI სფეროს მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება (აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის დახვეწის საკითხების ჩათვლით),
  • საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება RDI პროცესების შესახებ საქართველოში,
  • მეცნიერებთან, სტუდენტებთან, ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მცირე და საშუალო ბიზნესთან და ა.შ. კომუნიკაციის ფორმატების შემუშავება,
  • საქართველოს და ევროკავშირის მკვლევარებთან და ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარება,
  • სხვა დისციპლინების მკვლევარების ჩართვა ევროპულ და RDI კვლევებში,
  • საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა ევროპული RDI სივრცეში.

ESIDG განხორციელებული აქვს შემდეგი პროექტები: „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ხელშეწყობა და სტიმულირება საქართველოში“; „საქართველოში ევროპული საინოვაციო პოლიტიკის შესწავლის გაუმჯობესება“; „ევროკავშირის რეგიონული საინოვაციო პოლიტიკა, როგორც მოდელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონებისთვის“; „აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილე არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლება ინოვაციის სფეროში“. ამჟამად ასოციაცია მონაწილეობას იღებს პროექტებში: „შავი ზღვის ჰორიზონტი“ (ევროგაერთიანების პროგრამა „ჰორიზონტი 2020“); „აღმოსავლეთ პარტნიორობა და დაახლოება ევროკავშირის სტრატეგიებთან“. მის მიერ ინიცირებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „ინოვაციური საქართველო“ დაფუძნება, რომელიც აერთიანებს 12 არასამთავრობო ორგანიზაციას და ის არის ამ კოალიციის თავმჯდომარე.

ESIDG ორგანიზებული აქვს მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიება 1500-ზე მეტი მონაწილით, გამოცემული აქვს 5 წიგნი. მისმა მკვლევარებმა გამოაქვეყნეს 30-ზე მეტი კვლევითი ნაშრომი და მოამზადეს მრავალი პრეზენტაცია კონფერენციებზე, ასევე, მონაწილეობდნენ დებატებში ტელევიზიასა და რადიოში.

ESIDG ბევრი წევრი არის საქართველოს პარლამენტის საინოვაციო საბჭოს წევრი, ხოლო ESIDG თავმჯდომარე არის აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

ESIDG არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორუმის (საერთაშორისო) წევრი. მისი თავმჯდომარე არჩეულ იქნა ფორუმის სამუშაო ჯგუფის „ეკონომიკური ინტეგრაცია“ კოორდინატორად და იყო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ESIDG ერთ-ერთი მკვლევარი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფის „გარემოს დაცვა და ენერგია“ კოორდინატორი. ამჟამად ESIDG წარმოდგენილია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის კვლევისა და ინოვაციის პანელში.

ESIDG კვლევითი გამოცდილება და ინტერესები:

ეროვნული კვლევითი და საინოვაციო პოლიტიკის შესწავლა საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნებში შემდეგი მიმართულებებით:

  • კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი
  • RDI სისტემების ორგანიზაციული სტრუქტურის ანალიზი
  • ეროვნული კვლევის თემატური ანალიზი ისეთი მონაცემთა ბაზების გამოყენებით, როგორიცაა Scopus, WoS და სხვა
  • ეროვნული RDI სტატისტიკა
  • სამეცნიერო დიასპორის პრობლემები
  • ზრდასრულთა განათლება RDI სფეროში.

მცირე და საშუალო ბიზნესის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კვლევა:

  • მცირე და საშუალო ბიზნესის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კვლევითი მომსახურების კუთხით საჭიროებების შესწავლა
  • მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერების და მათი RDI საქმიანობაზე დამოკიდებულების გამოვლენა
  • სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციის ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

თემატური დაფარვა:

  • ინტერდისციპლინარული საკითხები
  • სურსათი და სოფლის მეურნეობა
  • გარემოს დაცვა
  • ელექტრონიკა
  • ახალი მასალები.

გეოგრაფიული არეალი:

  • საქართველო და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნები.

კვლევის შედეგების სახეობები:

  • რეკომენდაციები მთავრობისთვის
  • გამოცემები (ბეჭდური და ელექტრონული).
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".